ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებითა და სიურპრიზებით ...
როდესაც ვფიქრობთ, რომ ყველაფერი დასრულდა და აღარაფერი მოხდება ისეთი, რაც გაგვახარებს, სწორედ მაშინ იწყება რაღაც ახალი, კარგი და სასიამოვნო. ყოველ დასასრულს, ხომ დასაწყისი მოსდევს?! ისევე, როგორც ყოველი ღამის შემდეგ თენდება.
ბავშვობაში ძალიან მიყვარდა თმისაკეთების გაკეთება , ძველ გამოუსადეგარ ნივთებს ვიღებდი და ჩემთვის ვჩხირკედელაობდი.
ცოტა რამეს მივაწებებდი, ცოტას მოვჭრიდი, ცოტასაც გადავაადგილებდი და მზად იყო!
ბოლოს კი სიამაყით, ნიკაპზე ხელებშემოწყობილი, თვალებანთებული შევციცინებდი ჩემს ნამუშევარს და გულში ვიმეორებდი - ეს მე გავაკეთე!რა ლამაზიააა?!
აბა, წარმოიდგინე, როგორი გახარებული და ბედნიერი ვიქნებოდი.
სიმართლე გითრათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ბავშვობის ჰობს, რომელიც ჩემთვის გასართობი და დროის გასაყვანი საშუალება უფრო იყო, დიდობაში გავაგრძელებდი, ოღონდ უფრო დიდი პასუხისმგებლობითა და სერიოზულობით.
ეს ყველაფერი კი ასე დაიწყო...
2020 წელი ყველასთვის მძიმე აღმოჩნდა, რადგან პანდემია გავრცელდა, დაიკეტა მაღაზიები და უამრავი ადამიანი დარჩა უმუშევრად, მათ შორის მეც.
რთულია სამსახურის დაკარგვა, იმ სამსახურის იმედად რომ ხარ და კარგავ შემოსავლის ერთადერთ წყაროს მაშინ, როცა თანხა ძალიან გჭირდება.
გიპყრობს უიმედობა, შიში… ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ კარანტინში გიწევს ყოფნა, მთელი დღეები სახლში უნდა იყო გამოკეტილი. სერიალების ყურებაც რომ მოგბეზრდება ადამიანს, ისეთი დრო იყო. არადა, როგორ მიყვარს სერიალები. ოდესმე თუ ვიტყოდი, მომწყინდა-მეთქი, ვერ წარმოვიდგენდი. მაგრამ ინდური და თურქული დრამების ყურება რაღად მინდოდა, ჩემი დრამაც მეყოფოდა.
რაღაც უნდა მომეფიქრებინა, სხვა გზა არ იყო. ისეთი რამ, რისი კეთებაც მომწონდა და დამეხმარებოდა შემოსავლის პოვნაში. ერთხელ, როდესაც ძველ ნივთებს ვალაგებდი, შემხვდა ფოტო, რომელმაც მიიქცია ჩემი ყურადღება და გამახსენა ბავშვობის მოგონებები. ფოტოზე მე ვიყავი, ორი ნაწნავით და თავს ვიწონებდი თმისამაგრით, რომელიც თავად შევქმენი.გადავწყვიტე, გამეხსენებინა და დამემზადებინა თმისამაგრები და საქმეს შევუდექი. გარკვეული პერიოდის შემდეგ „ჩემი ლამაზი გოგოშკების“ პატარა კოლექცია შემიგროვდა.
ერთ დღესაც, ჩემ მიერ დამზადებული ხელნაკეთი თმისამაგრი დაბადების დღეზე ვაჩუქე ნათესავს. ერთი ძალიან საყვარელი „კიკინებიანი “ გოგონაა, დიდთვალება და ლოყებაწითლებული. ისეთი საყვარელია, მულტფილმის გმირს ჰგავს - ფუმფულა ლოყები აქვს, ჩაკბეჩას რომ მოგანდომებთ. ქალბატონი „კიკინები“ კმაყოფილი დარჩა, მეტიც კი - აღფრთოვანებული.
ქალბატონი „კიკინების “ ტრაბახს ახალ, მოდურ თმისამაგრებზე უკვალოდ არ ჩაუვლია. ორი დღის შემდეგ მისი კლასელების მშობლები დამიკავშირდნენ და თმისამაგრები შემიკვეთეს. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, მე-9 ცაზე დავფრინავდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მუცელში პეპლები დაფრინავდნენ.
თავიდან ასე ვყიდდი საახლობლოში. სანაცნობოში, ვისაც მსგავსი თმისამაგრები უნდოდა, ჩემკენ აგზავნიდნენ. ვიღებდი შეკვეთებს, მომხმარებლებს თავიანთი სურვილისა და გემოვნების მიხედვით ვუმზადებდი სასურველ თმისამაგრს. მაგრამ საჭირო იყო ,რომ უფრო მეტ ადამიანს გაეგო ჩემი ხელნაკეთების შესახებ, უფრო მეტი დამეინტერესებინა და მომეზიდა.
დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე პროდუქციის რეალიზებისთვის საუკეთესო საშუალებაა სოციალური ქსელები, ამიტომაც facebook-ზე შევქმენი გვერდი, სადაც ჩემი ხელნაკეთი თმისამაგრების ფოტოები განვათავსე. აი, ასე დაიწყო ჩემი საქმიანობა ახალ სფეროში და პირველი ნაბიჯები ბიზნესში.
ერთ რამეს მივხვდი - მთავარია, რომ იმედი არასდროს დაკარგო და ხელი არ ჩაიქნიო. გამოსავალი? გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება, მთავარია მოძებნის სურვილი გქონდეს!
დაგაინტერესათ, როგორი გაგრძელება ექნება ამბავს? როგორ განვითარდება მოვლენები?
ამას უკვე შემდეგი სტატიიდან შეიტყობ.
სტატიის ავტორი თამარ ტატალაშვილი, 2021-05-30
